ჩაგვრის პრობლემა სკოლებში

 

 

 

 

 

"Insecure people only eclipse your sun because they’re jealous of your daylight and tired of their dark, starless nights.”
Shannon L. Alder

დღევანდელ რეალობაში საკმაოდ აქტუალური გახდა ჩაგვრის (ბულინგის) თემა. თუმცა ჩემი მოსაზრებით ეს სიტყვა ძალიან ხშირად შეუსაბამოდ გამოიყენება და მშობლების უმეტესობა კლასელებს შორის მცირედ კამათსაც კი ჩაგვრის კვალიფიკაციას აძლევენ, რაც არასწორია. ბულინგზე საუბრისას უნდა გვახსოვდეს რა არის მისი მთავარი მახასიათებელი. ჩაგვრა არის განმეორებითი პროცესი და გამოირჩევა ძალთა დისბალანსით, არ არის შემთხვევითი ,და სიტუაციური, არის გამიზნული მრავალჯერადად გამოყენებული ქმედება, რომელიც მიზნად ისახავს მსხვერპლზე კონტროლის მოპოვებასა და დამორჩილებას. მაგალითად: ბავშვებს, შორის დიალოგი დამიწერე დავალება, თორემ გცემ; ფიზიკური შეხება, რომელიც არის სისტემური ერთი მოსწავლის მხრიდან მეორეზე; მიმართვა, „მახინჯო“, „ რა დაბალი ხარ“, „გაეთრიე აქედან, არ ვაპირებთ შენთან თამაშს“, “არავის სჭირდები შე უტვინოვ“ და ა.შ. არის ჩაგვრის (ბულინგის) სახეები.

ყველაზე ხშირად მშობლები მომმართავენ ფსიქოლოგიური ჩაგვრის პრობლემით. ამ პროცესის თავიდან ასარიდებლად სკოლას სჭირდება დიდი ძალისხმევა. მაგალითად: შვილზე ზეგავლენას ახდენს თანაკლასელი, აიძულებს ითამაშოს რაც მას არ სურს; სთხოვს რაიმეს მოტანას მასთან თამაშის სანაცვლოდ, და ა.შ. ხშირად მომართვები გადაჭარბებული ემოციებით არის გამოწვეული, რადგან ბულინგის თემა საკმაოდ ხშირად შუქდება და მუდმივი საუბარი მიდის მედია საშუალებებით. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ დაწყებით კლასებში ბავშვებს შორის დიალოგები „აღარ ვარ შენი მეგობარი“, „მაჩუქე თორე გაგებუტები“ და ა.შ. არ არის ბულინგი და ტიპური განვითარების პროცესია, რომელზეც რა თქმა უნდა ვრეაგირებთ- ბავშვებს სწორ კომუნიკაციას ვასწავლით, თუმცა ამას ბულინგს ვერ დავარქმევთ. განხვავებული სიტუაციაა მაღალ კლასებში. (6 კლასიდან 12 ჩათვლით) მოზარდებში უკვე გამიზნულად ხდება გარკვეული ქმედებების განხორციელება და ხშირად სკოლისგან ფარულად კიბერ ბულინგს მიმათავენ. რა თქმა უნდა დამამთავრებელ კლასებში, თუნდაც პატარა კამათსაც კი სერიოზულად ვეკიდებით, რადგან მეტია საფრთხე ამან მუდმივი ხასიათი მიიღოს. ხოლო იმ ბავშვებთან, რომლებსაც აქვთ მუდმივი ქცევითი სირთულეები და ცდილობენ დაჩაგრონ თანაკლასელები მათთან ხდება მუდმივი მუშაობა- ვაკვირდებით, ვესაუბრებით, ვცდილობთ დავეხმაროთ მათ აგრესიის დაძლევაში, რადგან როგორც მსხვერპლი, ასევე მჩაგვრელი მრავალი პრობლემის წინაშე დგას.

„ბულინგს“ ხშირად მიმართავენ დეპრესიული, დაბალი თვითშეფასების მქონე, სასკოლო აქტივობაში ნაკლებად ჩართული, საკუთარი პოპულარობით ზედმეტად დაინტერესებული და სხვებზე დომინანტობის მსურველი ბავშვი, რომელიც ჩაგვრას იყენებენ როგორც საშუალებას, დაფარონ საკუთარი სუსტი მხარეები და არ გამოჩნდეს არაკომპეტენტური; ის, ვინც კარგად ვერ გებულობს სხვების ემოციებს; ვინც არის აგრესიული, იმპულსური, ადვილად განიცდის იმედგაცურებას; ასეთ ბავშვებს, როგორც წესი, აქვთ დაბალი თვითშეფასება და დაბალი ნდობა საკუთარი თავის მიმართ, ან პირიქით - მაღალი თვითშეფასება აქვთ და თავიანთ გარემოში სოციალური უპირატესობის მოპოვებას ცდილობენ.

ჩაგვრის მსხვერპლი ხშირად არის მორცხვი, ნაკლებად პოპულალური, დაბალი თვითშეფასების მქონე, დეპრესიული, მშფოთვარე, პატარა, გამხდარი, ან ჭარბი წონის მქონე, ასევე, ისეთი ბავშვები, ვინც გავრცელებულ გენდერულ სტერეოტიპებს ვერ აკმაყოფილებს;

ბავშვი-მსხვერპლი შეიძლება იყოს სხვებისაგან მკვეთრად გამორჩეული თვისებების მქონე, მაგალითად, სხვებზე ბევრად დაბალი ან მაღალი, ღარიბი ან მდიდარი, წყნარი, ჭკვიანი;

ცდილობს, იყოს თანატოლებთან შედარებით შეუმჩნეველი, არის უფრო პატარა და სუსტი. საფრთხის გაჩენის შემთხვევაში, მაშინვე ფრთხება, ტირის, საცოდავად და უმწეოდ გამოიყურება;

მნიშვნელოვანია ასევე მშობლის ჩართვა და მათთან მუდმივი კონტაქტი, განსაკუთრებით კიბერბულინგის დროს, რადგან სწორედ მშობლებმა უნდა მოგვაწოდონ ამის შესახებ ინფორმაცია და აკონტროლონ ბავშვების სოციალური ქსელები. მშობლის გარეშე შეუძლებელი ხდება ბავშვთან რაიმე პროგრესის მიღწევა. მშობელი არის მთავარი მონაწილე ბულინგის საკითხების გადაჭრისას.

იმისთვის, რომ უფრო ნათელი გახდეს რა შეიძლება მივიჩნიოთ ბულინგად მოვიყვან მის მაგალითებს.

ფიზიკური ჩაგვრა (ბულინგი)- ყველაზე ხშირად გამოიყენება. ბავშვები მიმართავენ ფიზიკურ ქმედებას იმისთვის რომ მოიპოვონ ძალაუფლება და კონტროლი სამიზნეზე. ეს შესაძლოა იყოს დარტყმა, ხელის კვრა, გარტყმა, ჩქმეტა და ნებისმიერი ფიზიკური შეხება, რომელიც ტკივილს მომტანია ბავშვისთვის.

ფსიქოლოგიური ჩაგვრა (ბულინგი)- ვერბალური კომუნიკაციის გამოყენება ძალაუფლების მოსაპოვებლად. ზედმეტ სახელების დარქმევა, ფიზიკურ ნაკლზე ყურადღების გამახვილება, ბილწსიტყვაობა, დამამცირებელი მიმართვები და ა.შ. ასევე მოძალადე, უშლის სხვა ბავშვებს სამიზნესთან მეგობრობას, ქმნის მის წინააღმდეგ ჯგუფებს და აიძულებს სხვა ბავშვებსაც გამოიყენონ დამცინავი მიმართვები.

კიბერბულინგი- ნებისმიერი ციფრული ტექნოლოგიების გამოყენება დასამცირებლად, შესარცხვენად და ფსიქოლოგიური ზეწოლისთვის. ეს შესაძლოა იყოს სოციალურ ქსელში გულსატკენი სურათის გავრცელება, მუქარის შემცველი შეტყობინების მიწერა, გვეერდებისა და ჯგუფების შექმნა მსხვერპლის ფოტოებით და დამამცირებელი მეტსახელებით. მის წინააღმდეგ ბავშების ჯგუფებში გაერთიანება და ერთობლივი დაცინვა, ფსიქოლოგიური ტერორი.

მშობლებს ვურჩევდი, რომ ბავშვების ჩაგვრის გაგების შემთხვევაში არ უნდა აღვიქვათ ტრაგედიად, არ უნდა გაგიჩნდეთ სირცხვილის გრძნობა ან რაც ყველაზე ხშირად ემართებათ მშობლებს- უარყოფის. ისინი ხშირად პრობლემას თვალს არიდებენ, ან თვლიან რომ ბავშვის ქცევა ნორმალური და მისაღებია. ამ შემთხვევაში სკოლის ნებისმიერი ძალისხმევა უშედეგოა. ამიტომ მოეკიდეთ ამას სერიოზულად, ესაუბრეთ თქვენს შვილს ბევრი თუ რატომ არის ცუდი ჩაგვრა და რა ემოციებს იწვევს ეს სხვა ბავშვებში. ეს მომენტი ძალიან მნიშნელოვანია, რადგან ზეგავლენას ახდენს, როგორც ბავშის საკუთარი თავის აღქმაზე, ისე შემდგომ ურთიერთობებზე. ხოლო იმ ბავშვების მშობლები, რომელთა შვილები არიან მსხვერპლი, ასევე აქტიურად უნდა ჩაებან სასკოლო ცხოვრებაში, ყველა დეტალი უნდა აცნობონ სკოლის ადმინისტრაციას, ხოლო ბავშვს უნდა ასწავლონ ყურადღება არ მიაქციოს მოძალადეს, დაცინვა გადაიყვანოს ხუმრობაში, არ იტირონ და არ მოიწყინონ აგრესორის წინაშე და თავი მოაჩვენონ ვითომ არ ეწყინათ და რაც ყველაზე მნიშნელოვანია აუხნან ბავშვებს, რომ პრობლემა მათ კი არა აგრესორს აქვს.

სკოლამ უნდა იმუშაოს, როგორც მოძალადესთან ისე ჩაგრულთან და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია მთლიანად კლასთან, რადგან მოძალადე შესაძლოა გადაერთოს სხვა კლასელებზე. მუშაობა უნდა მოხდეს ყოველ კვირეულად და ფსიქოლოგმა საგაკვეთილო პროცესის დროს უნდა გამოიყენოს ისეთი აქტივობები, რომელიც მიმართულია ჯგუფის გაერთიანებაზე, ემპათიის ჩამოყალიბებაზე, თვითშეფასების ამაღლებაზე და სოციალური უნარების გაუმჯობესებაზე.

ბულინგთან ბრძოლა ეს მუდმივი პროცესია. ყველა სკოლა აწყდება ბულინგის პრობლემას სხვადასხვა კლასებში. ერთ სიტუაციასთან გამკლავების შემედეგ ახალი სირთულე იჩენს თავს. მნიშვნელოვანია რომ სკოლა და მშობელი მუდმივად იბრძოდნენ ჩაგვრის წინააღმდეგ და არ ტოვებდნენ მოზარდებს მარტო ამ სირთულეებთან.

სოფიო კაშია

„იუჯი სკოლის“ ფსიქოლოგი

 




იუჯი სკოლა
კემბრიჯის რეგისტრირებული
საერთაშორისო სკოლა

ჩვენი სოციალური ქსელი
კონტაქტი
მისამართი: თბილისი, 0160, კოსტავას 77ა.
ტელ:591 992 921;
მეილი: ugschool@ug.edu.ge ; admissionugschool@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები