მსოფლიოში საუკეთესო მეზღაპრე

 

 

 

 

წერო იმაზე, ვინც ყველაზე მეტად გიყვარს, ალბათ მარტივიცაა და ამავდროულად რთულიც. იწყებ ფიქრს და ათასი აზრი, ემოცია, მოგონება აფუთფუთდება გონებაში. რომელ ერთს ჩაეჭიდო და გაჰყვე, აღარ იცი.

ამიტომაც ვეცდები ისეთივე უბრალო იყოს ჩემი წერილი, როგორც ის, ვიზეც უნდა გესაუბროთ. მისი უდიდებულესობა ასტრიდ ლინდგრენი!

ადამიანი, რომლის სახელის ხსენებაც კი ღიმილს გგვრის სახეზე, გული კი სითბოთი გევსება! და ერთადერთი ემოცია, რომელიც გეუფლება, არის მადლიერება! კიდევ კარგი, დაიბადა!

ხშირად მიფიქრია, როგორი იქნებოდა ჩვენი სამყარო ის რომ არ დაბადებულიყო? როგორები ვიქნებოდით ჩვენ, ადამიანები უიმისოდ?

ერთი რამ ნამდვილად ვიცი, არასოდეს გვეცოდინებოდა როგორი სასიამოვნოა სახურავებზე სიარული, როგორია ყველაზე მზრუნველი ბებია მსოფლიოში, რომელიც სველი წინდების გამოსაცვლელად ხეზეც კი მოგაგნებს,როგორ უნდა ვიმკურნალოთ შოკოლადითა და ალუბლის მურაბით სიცხის დროს. ან როგორ არ უნდა ვთქვათ უარი ჩვენს გეგმებზე და წვიმის დროს ყვავილები მოვრწყათ. ისიც არ გვეცოდინებიდა, დაბერების საწინააღმდეგოდ მუხუდოს მარცვალი რომ უნდა ჩავყლაპოთ და ჯადოსნური ლექსი ვთქვათ. ნეტა ვისგან გავიგებდით, როგორია ყველაზე გრანდიოზული საშობაო ნადიმი, როცა სტუმრად მოხუცთა თავშესაფარის მშიერ მცხოვრებლებს ეპატიჟები....

არა,ამაზე ფიქრიც კი არ მინდა...

„ჩემში ცხოვრობს ბავშვი, რომელსაც გაზრდა არ უნდა“ - თქვა ერთხელ მან და მართლაც, შეუძლებელია წერო ბავშვებისთვის ასე გასაოცრად ნაცნობი და ახლობელი ენით, თუ კი შენში ბავშვი არ ცხოვრობს.

ასტრიდ ლინდგრენის წიგნები, ეს არ არის უფროსი ადამიანის მიერ ბავშვებისთვის დაწერილი წიგნები, ეს არის წიგნები, რომლის კითხვის დროსაც ხვდები, როგორი შეიძლება იყოს წიგნის გმირი, თუ კი მას ბავშვი აღწერს. თავისი უსაზღვრო ფანტაზიით, სილაღითა და სისუფთავით სავსე ბუნებით.

ამბობენ, რომ თუ კი ასტრიდის ყველა წიგნს გვერდიგვერდ ჩავამწკრივებთ, ჩვენს პლანეტას სამჯერ შემოსწვდება გარშემო!

ის ერთადერთი ადამიანია, რომელსაც ( დამსახურებულად)! სიცოცხლეშივე დაუდგეს ძეგლი და ვარსკვლავს მისი სახელი დაარქვეს.თუმცა, ის ისედაც ვარსკვლავია, კაშკაშა და თბილი ვარსკვლავი!

ვის არ უოცნებია ბავშვობაში კარლსონისნაირი მეგობარი ჰყოლოდა, რომელიც ჩადენილი ცელქობის მერე დაგამშვიდებს და გეტყვის:“ დიდი რამე, ეგეც რამეა!“ , საღამოს კი სახურავზე გაგაფრენს და ბუხარში შემწვარი ვაშლით გაგიმასპინძლდება!

ვინ არ აღფრთოვანებულა პეპის სიკეთით, მისი ღონით და სამართლიანობით?!

ვის არ უცინია ცრემლებამდე ლენებერგელი ემილის ოინებზე?

ასტრიდ ლინდგრენის გმირებზე ფიქრისას ხან „ პატარა იუნიბაკენელი ქალბატონი“ მადიკენი მახსენდება, რომელიც არაჩვეულებრივად კეთილი და მამაცია, ხან ბულერბიელი გოგო- ბიჭები და მათი მხიარული თავგადასავლები, ხან მიო, რომელიც ჩვეულებრივი ბიჭი გვეგონა და ზღაპრული პრინცი აღმოჩნდა, თანაც ბოროტებასთან უშიშრად მებრძოლი!

„ყაჩაღის ასული რონია“ ჩემს ბავშვობაში არ იყო თარგმნილი და ისე მოხდა, რომ პირველად ორი წლის წინ წავიკითხე ჩემს მოსწავლეებთან ერთად. ეს მართლაც ჯადოსნური წუთები იყო!

„კალე ბლუმკვისტი“ კი ჩემი პირველი დეტექტივი იყო. არასოდეს დამავიწყდება ის შეგრძნებები, მისი კითხვის დროს რომ განვიცდიდი. მერე კი წლების განმალობაში მე და ჩემი საუკეთესო მეგობარი კალეს გამოგონილი საიდუმლო ენით ვლაპარაკობდით ერთმანეთში. ვინც არ იცით, გეტყვით, რომ ლაპარაკისას ყოველ მარცვალს „ფა“ უნდა დაუმატო და რაც შეიძლება სწრაფად ილაპარაკო, რომ სიტყვების გარჩევა ვერავინ შეძლოს.

მერე იყო სალტკროკელი ჩორვენი, რომლის გაცნობის შემდეგაც ვოცნებობდი, მეც მყოლოდა ერთგული მეგობარი- სენბერნარი ნაგაზი და ნისლიან კუნძულზე მეცხოვრა.

ვინ იცის, რამდენჯერ რამდენჯერ წარმომიდგენია „შინამტანჯველის“ გამომცხვარი შინაური დარიჩინიანი ფუნთუშების გემო; მიოცნებია, პეპის გამომცხვარი მაჭკატების, ემილის დედის გაკეთებული შინაური ძეხვის, საშობაო ღვეზელის ან სალტკროკაზე შებოლილი თევზის გასინჯვაზე.

ასტრიდ ლინდგრენთან ხომ ყველაფერი საოცრად მიმზიდველია!

ფიქრობ სამყაროზე, სადაც ყველა გმირი ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულია და ხვდები, რომ მათ აერთიანებთ მთავარი: უსაზღვრო სიკეთის რწმენა, ადამიანის სიყვარული და უბრალოება.

კითხულობ და შენც ივსები ამ რწმენით, სითბოთი და სიყვარულით, რადგან ასტრიდის სამყარო არის ადგილი, სადაც უყვართ, სწამთ, ზრუნავენ. ადამიანურ სისუსტეებს კი იუმორით და გაგებით ეკიდებიან. ამას კი ისე უბრალოდ და ძალდაუტანებლად აკეთებენ, თითქოს სამყაროში სულაც არ არსებობდეს სიძულვილი, შური, გულგრილობა და ამპარტავნება.

ვულოცავ კაცობრიობას ასტრიდის დაბადების დღეს და კარლსონის არაჩვეულებრივი ლექსით დაგემშვიდობებით:

„ დაე, იყოს დღეს მზისფერი ყველაფერი,

ჩვენ დავძახოთ მეგობრულად ჰერი, ჰერი!

უტი ბოსე, კუპატ ბასე, ვიხმაუროთ მუდამ ასე.

მითხარ, რატომ უღუშები?

მოგვიტანონ ფუნთუშები!

უტი ბოსე, ბისე, ბასე,

დაე, მუდამ იყოს ასე!“




იუჯი სკოლა
კემბრიჯის რეგისტრირებული
საერთაშორისო სკოლა

ჩვენი სოციალური ქსელი
კონტაქტი
მისამართი: თბილისი, 0160, კოსტავას 77ა.
ტელ:591 992 921;
მეილი: ugschool@ug.edu.ge ; admissionugschool@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები