იუჯი სკოლა დიდ ყურადღებას აქცევს მოსწავლეებთან ინდივიდუალურ მიდგომებს. სწორედ ამის გამო რამდენიმე წელია დაინერგა რემიდიაციის პროგრამა.
რემედიაცია არის სწავლაში ხარვეზების აღმოფხრაზე ორიენტირებული სწავლება. რემედიაცია ეხება იმ მოსწავლეებს, რომლებსაც აღმოაჩნდათ ცოდნის და უნარ-ჩვევების მნიშვნელოვანი ხარვეზები განმავითარებელი შეფასების მონაცემების მიხედვით. რემედიაცია არის შესაძლებლობა იმისა, რომ დამატებითი მხარდაჭერა და დახმარება შევთავაზოთ იმ მოსწავლეებს, რომლებმაც სტანდარტული საკლასო რეჟიმით სწავლების პირობებში ვერ შეძლეს ძირითადი ცნებების ათვისება და უნარ-ჩვევების განვითარება დამაკმაყოფილებელ დონეზე, მიუხედავად მათზე ზრუნვისა პედაგოგების თუ მშობლების მხრიდან. ამგვარი ჩამორჩენის ტიპური მიზეზებია: ხანგრძლივი გაცდენები, ცუდი ოჯახური პირობები, კონკრეტული მოსწავლისთვის შეუფერებელი ფსიქოსოციალური გარემო კლასში ან სხვა.
რემედიაცია მოიცავს ისეთ საკითხებს, რომლებიც საკვანძოა მომდევნო სასწავლო მასალის ათვისებისთვის, არსებითია განმსაზღვრელი შეფასებისთვის და მოსწავლისთვის ძნელად დასაუფლებელია.
საკორექციო სწავლების დროს სასწავლო მასალა მიწოდებულია ტრადიციული საკლასო სწავლებისაგან განსხვავებული მეთოდების საშუალებით; ყურადღება გამახვილებულია მეტაკოგნიციაზე; მოიცავს სკოლაში მასწავლებლის მხრივ მოსწავლის ინდივიდუალური წვრთნის ელემენტებს. ხელახლა (განმეორებითი) სწავლების შემთხვევაში კი სასწავლო მასალა მიწოდებულია ტრადიციული საკლასო სწავლების ანალოგიური, თანმთხვევი მეთოდების საშუალებით; გამოიყენება სტანდარტული სავარჯიშოები, ქვიზები და ტესტები.
სწავლების სამი მეთოდი, რომელიც თავსებადია საკორექციო მუშაობასთან, არის: პირდაპირი სწავლება, კეთებით სწავლება და ორმხრივი სწავლება (როცა მოსწავლე ჩაყენებულია მასწავლებლის როლში).
ტუტორიუმი
იუჯი სკოლა მოსწავლეებს სთავაზობს ტუტორიუმის მომსახურებას ქართულის, მათემატიკის და ინგლისურის მიმართულებით. ტუტორიუმის საათები განკუთვნილია იმ მოსწავლეებისთვის, რომლებსაც გარკვეული მიზეზების გამო ესაჭიროებათ ინდივიდუალური მუშაობა. ტუტორ-მასწავლებელი არ არის მოსწავლის კლასის მასწავლებელი. ტუტორი ინფორმაციას მოსწავლის აკადემიური მოსწრების შესახებ იღებს მასწავლებლისგან, ერთად გეგმავენ თუ რა საკითხებზე უნდა იმუშაოს მოსწავლესთან. მასწავლებელსა და ტუტორს შორის არის მუდმივი კომუნიკაცია და გარკვეული დროის შემდეგ მოსწვლე უბრუნდება საკლასო ოთახს.
იუჯი სკოლა
კემბრიჯის რეგისტრირებული საერთაშორისო სკოლა |