პროგრამის შესავალი

აკადემიური პროგრამის შესახებ:

სკოლის სასწავლო პროგრამა მთლიანად ეყრდნობა სახელმწიფოს მიერ დამტკიცებულ ეროვნულ სასწავლო გეგმასა და ბრიტანული საგანმანათლებლო სისტემის სტანდარტებს. ძირითადი სასწავლო გეგმის გარდა, სკოლაში ინტენსიურად მუშავდება დამატებითი სასწავლო მასალა თუ პროექტი. სკოლის პროგრამა მიმართულია მოსწავლის უნარ-ჩვევების ამაღლებისაკენ, რაც დაწყებით კლასებში ლოგიკური სავარჯიშოების, თამაშებისა და შემეცნებით-გასართობი პროგრამების დახმარებით ხორციელდება. სკოლაში დიდი ყურადღება ეთმობა მათემატიკის შესწავლასა და ლოგიკური აზროვნების განვითარებას. მოსწავლეები მუდმივად მუშაობენ ლოგიკური უნარების განმავითარებელ ამოცანებზე, რაც, ტექნიკური ცოდნის შეძენასთან ერთად, მათ ახალი მასალის უკეთ გააზრებაში ეხმარებათ. სკოლაში ასევე დიდი ყურადღება ეთმობა წიგნიერების პროგრამას, რომელიც ქართულის გაკვეთილების პარალელურად მიმდინარეობს. ამ პროგრამის ფარგლებში მოსწავლე თავისუფალ და კრიტიკულ აზროვნებას ეჩვევა, უყვარდება მხატვრული ლიტერატურის კითხვა და უადვილდება აკადემიურ სივრცესთან ინტეგრაცია. სკოლაში მნიშვნელოვანი აქცენტი კეთდება აგრეთვე უცხო ენის შესწავლაზე, რაც მოსწავლეების სამომავლო აკადემიურ წინსვლას განაპირობებს. UG სკოლის საგანმანათლებლო პროცესი ინტეგრირებულ გაკვეთილებზეა დაყრდნობილი, სადაც სხვადასხვა საგნის პედაგოგები ერთი მიზნისათვის ერთიანდებიან და საერთო, შეთანხმებული მუშაობით სკოლის მოსწავლეთათვის საუკეთესო განვითარების კურსს აყალიბებენ.

 

ინტერაქციული სწავლება:

ინტერაქტიული სწავლება ორმხრივი პროცესია, რომლის დროსაც მოსწავლე აქტიურად არის ჩართული საგანმანათლებლო პროცესის მიმდინარეობის ფორმირებაში. სწავლების ეს ფორმა გულისხმობს ისეთი აქტივობების გამოყენებას, რომელთა მეშვეობითაც ყველა მოსწავლე ჩართულია სასწავლო პროცესში.მოსწავლეები მთავარ როლს ასრულებენ საკლასო ოთახში მიმდინარე პროცესებში: პასუხობენ კითხვებს, თანამშრომლობენ ჯგუფური მუშაობის დროს, ერთვებიან დისკუსიაში, გამოთქვამენ აზრს და ა.შ. ამგვარად, ინტერაქტიული სწავლება ორიენტირებულია არა მარტო ცოდნის მიღებაზე, არამედ უნარ-ჩვევების გამომუშავებაზეც.

ინტერაქტიული სწავლებისას საუკეთესო შედეგები მიიღწევა სწავლება-სწავლისა და შეფასების სხვადასხვა მეთოდის თანაბარი გამოყენებით. მოსწავლე პროცესების თანაავტორია, ერთგვარი შემოქმედია. მისმა ინიციატივებმა, აღმოჩენებმა, პრობლემის განსხვავებულ ჭრილში დანახვამ შეიძლება ძირეულად შეცვალოს სასწავლო პროცესის მიმდინარეობა. ეს ხელს შეუწყობს შემოქმედებითი და საკომუნიკაციო უნარების განვითარებას .

სწავლება-სწავლის ამგვარი ფორმა ითვალისწინებს მასწავლებლისა და მოსწავლეების აქტიურ ურთიერთობას და მათი როლების შეცვლას, რაც გულისხმობს ავტორიტარული, მასწავლებელზე ორიენტირებული სასწავლო პროცესის ჩანაცვლებას მოსწავლეზე ორიენტირებულით.

 

იხილეთ გზამკვლევი ჩვენს სკოლაში:გზამკვლევი

 




იუჯი სკოლა
კემბრიჯის რეგისტრირებული
საერთაშორისო სკოლა

ჩვენი სოციალური ქსელი
კონტაქტი
მისამართი: თბილისი, 0160, კოსტავას 77ა.
ტელ:591 992 921;
მეილი: ugschool@ug.edu.ge ; admissionugschool@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები